Wednesday, May 27, 2015

რა არის სიყვარული ?

რა არის სიყვარული? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას კაცობრიობა მთელი თავისი არსებობის მანძილზე ცდილობს, თუმცა ერთგვაროვანი პასუხი, ჯერჯერობით, არ არსებობს. ფსიქოლოგები დიდი ხანია ამ ფენომენის ახსნას ცდილობენ, თუმცა მათი შეხედულებები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან.
სიყვარული, როგორც დაავადება:
ამერიკელმა ფსიქოლოგმა დოროთი ტენოვმა თავის წიგნში „სიყვარული და შეყვარებულობა“ მგზნებარე რომანტიული სიყვარული აღწერა როგორც ბრმა ბიოლოგიური მექანიზმი, რომელსაც უზრუნველყოფს წინაპრებისგან გადმოცემული გამრავლების მოთხოვნილება. ტენოვი „მგზნებარე სიყვარულს“ არ მიიჩნევს ჭეშმარიტ სიყვარულად და ის აღწერილი აქვს როგორც დაავადება, რომელიც მიმდინარეობს შემდეგი სიმპტომებით:
1) გამუდმებით სიყვარულის ობიექტზე ფიქრი;
2) საპასუხო გრძნობების მწვავე და მტკივნეული საჭიროება;
3) ეიფორიის შეგრძნება;
4) სრული ფოკუსირება სიყვარულის ობიექტზე იმგვარად, რომ ყურადღების გარეშე რჩება მეტად საპასუხისმგებლო და საჭირბოროტო სხვა საკითხები;
5) სიყვარულის ობიექტის დამახინჯებულად აღქმა: ხშირ შემთხვევაში გაზვიადებულია მისი დადებითი თვისებები, ხოლო უარყოფითი იგნორირებულია, ან დადებითად მიჩნეული;
6) სიყვარულის ობიექტის მიმართ ძლიერი ლტოლვა;
ტენოვის თქმით სიყვარულის, როგორც დაავადების განკურნება შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ორი წამალი მის წინააღმდეგ:
1) სიყვარულის ობიექტთან ყოველგვარი კონტაქტის გაწყვეტა – ეს მეთოდი ძალიან მტკივნეულია და თითქმის ყოველთვის დეპრესიამდე მიჰყავს ადამიანი;
2) ურთიერთობის დაწყება.
ასეთი „მგზნებარე სიყვარული“, როგორც წესი, 1–4 წლის განმავლობაში გრძელდება. შემთხვევით არ ამბობენ, რომ წყვილები ყველაზე ხშირად 4 წლის თავზე შორდებიან. თუმცა, ტენოვი სიყვარულს ბოლოს აუცილებლად პესიმისტურად არ განიხილავს: მან გამოარჩია ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც დამახასიათებელია იმ იშვიათი მონოგამური წყვილებისთვის, რომლებიც დიდხანს რჩებიან ერთად. ასეთი სიყვარული ბევრად უფრო მშვიდია და არ მოიცავს სხვა ადამიანით ერთგვარ „შეპყრობას“ და არ წააგავს სიგიჟეს.

სიყვარული, როგორც ქიმია:
მეცნიერებს დააინტერესათ, თუ რომელი ბიოლოგიური პროცესები უწყობს ხელს რომანტიული გრძნობების გამოვლინებას და ამის გამოკვლევას არაერთი სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა. მაგალითად, ერთერთ ექსპერიმენტში, ინტერვიუერ გოგონას დაავალეს მისულიყო ახალგაზრდა მამაკაცებთან და ინტერვიუს შემდეგ დაეტოვებინა მათთვის ტელეფონის ნომერი. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები უფრო ხშირად უკავშირდებოდნენ გოგონას, თუ მანამდე მთის მდინარეს გადალახავდნენ: როგორც ჩანს, ფიზიკური დატვირთვით გამნოწვეულმა აღგზნებამ რომანტიული ინტერესის გამოწვევაში თავისი წვლილი შეიტანა. რამდენიმე ჰორმონი პირდაპირაა პასუხისმგებელი რომანტიულ გრძნობებზე, კერძოდ შემდეგი:
1) ფენილეტილამინი: – რომელსაც ტვინი უმცირესი რაოდენობით გამოიმუშავებს. ზუსტად ამ ნივთიერების გამოყოფაზეა, დიდწილად, „გიჟური სიყვარულის“ გამოწვევა ადამიანში დამოკიდებული. თავისი ზემოქმედებით იგი ძალიან გავს კოკაინის, ან სხვა ნარკოტიკ–სტიმულატორების მოქმედებას, ამითომ იწვევს ეიფორიას შეყვარებულობის პერიოდში. სამწუხაროდ, ფენილეტილამინის მოქმედებას თავისი ვადა აქვს, ადამიანი ეჩვევა მას და სიყვარული ადამიანში აღარ იწვევს მსგავს „ქიმიურ რეაქციას“.
2) ოქსიტოცინი: – საბედნიეროდ, სიყვარულის შეგრძნება მარტო ფენილეტილამინზე არ არის დამოკიდებული, არსებობს კიდევ ჰორმონი ოქსიტოცინი, რომელიც ტვინში გამომუშავდება. ოქსიტოცინი უზრუნველყოფს შეხებაზე მგრძნობიარობას, სწორედ ის იწვევს ჩვენში „ჩახუტების“ სურვილს და გვეხმარება სტრესთან გამკლავებაში. სისხლში მისი შემცველობა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისას იზრდება. ოქსიტოცინი გვეხმარება შევინარჩუნოთ ურთიერთობა მაშინ, როდესაც ფენილეტილამინის მოქმედება უკვე შეჩერებულია.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ რაც უფრო კარგად ექცევა ადამიანი საკუთარ თავს, მით უკეთაა დაბალანსებული ეს 2 ნივთიერება მის ორგანიზმში და, შესაბამისად, მით უკეთ ირჩევს პარტნიორს.
სიყვარული, როგორც პალიტრა:
ფსიქოლოგმა ჯონ ალან ლიმ, თავის წიგნში „სიყვარულის ფერები“, განიხილა არა რომანტიული სიყვარულის არსი, არამედ მისი ვარიაციები. ის სიყვარულს ადარებს ფერად წრეს, სადაც სამი ძირითადი ფერია – მისი აზრით, ძირითადად, სწორედ სამგვარი სიყვარული არსებობს:
ეროსი: სიყვარული იდეალური ადამიანის მიმართ;
ლუდოსი: სიყვარული–თამაში;
სტორგე: მეგობრობა–სიყვარული.
ლის მიაჩნდა, რომ ამ სამი ფერის შერევით შესაძლებელია ახალი ფერის შექმნა: მაგალითად, თუ გავაერთიანებთ ეროსს და ლუდოსს, მივიღებთ მანიას – აკვიატებულ სიყვარულს,
თუ შევაერთებთ ლუდოსს და სტორგეს მივიღებთ პრაგმას: რეალისტურ და პრაქტიკულ სიყვარულს, ხოლო ეროსისა და სტორგეს შეერთებით ვიღებთ აგაპეს – ერთგულ და თავგანწირულ სიყვარულს.


1 comment: