Богоявление Нестеров

ნათლისღების საკითხავი

მათეს სახარება, თავი 3

  1. მაშინ მოვიდა იესუ გალილეაჲთ იორდანედ იოვანესა ნათლის-ღებად მისგან.
  2. ხოლო იოვანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაჲ, და შენ ჩემდა მოხუალა?
  3. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე. მაშინ მიუშუა მას.
  4. და ნათელ-იღო იესუ. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა.
  5. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.

წმინდა გრიგოლ პალამა

ქრისტეს ნათლისღების დიადი და ამაღლებული საიდუმლოება სახარებაში სულ რამდენიმე ფრაზაშია ჩატეული. ადამიანური გონებისთვის ადვილი არ არის მასზე მსჯელობა, ახსნა და მით უმეტეს – გაგება. მაგრამ, რადგანაც ადამიანის გამოხსნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უნდა დავემორჩილოთ უფლის ნებას, რომელიც წმინდა წერილის შესწავლის სურვილს აღგვიძრავს; გაბედულად შევუდგეთ მის გამოკვლევას და რამდენადაც კაცობრივი გონებით არის შესაძლებელი, ჩავწვდეთ ამ საიდუმლოებას. როგორც ვიცით, სამყაროს შექმნისას უფალმა ბრძანა: „თქვა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ” (დაბ. 1:26); ადამის სახით მან კაცობრიობაც შექმნა. ადამში თავისი ცხოველმყოფელი სულის ჩანერგვით გამოავლინა შემოქმედი ღმერთის სამპიროვნება, მაშინ როდესაც ყველა სხვა ქმნილება მხოლოდ სიტყვით შექმნა(,,თავადმან ბრძანა და დაებადნეს’’ ფს.103.რედ).

ნათლისღების დროს ზეციური სავანეებიდან მოვლენილი სულიწმინდის მეშვეობით გამჟღავნდა ყოვლადწმინდა და ყოვლისშემძლე სამების მაცხოვნებელი საიდუმლოება. ამ დროს ქრისტეს მეშვეობით მოხდა ძველი კაცის აღდგენა და ცოდვით დაცემული კაცობრივი ბუნების განახლება. ადამიანის შექმნისა და განახლებისას რა მიზეზით ხდება ყოვლადწმინდა სამების საიდუმლოების განცხადება?  ეს ხდება არა იმიტომ, რომ სამყაროში მხოლოდ ადამიანია მისი თაყვანისმცემელი, მადიდებელი და სამკვიდრებელი, არამედ იმიტომ, რომ მის ქმნილებათა შორის მხოლოდ ის(ადამიანი) შექმნა თავის ხატად.

რადგან ყველა სხვა ქმნილება მართალია გრძნობადნი და ხორციელნი არიან, მაგრამ – უტყვნი, უკვდავ გონებას მოკლებულნი და მშვინვიერნი. რაც შეეხებათ გრძნობადი (მატერიალური) სამყაროს მიღმა მყოფ არსებებს – მთავარანგელოზებსა და ანგელოზებს, მართალია ფლობენ გონებას და უკვდავ სულს, აზროვნების უნარიც აქვთ, მაგრამ არ აქვთ ცხოველმყოფელი სული, ამიტომ არც ის მატერიალური სხეული არ გააჩნიათ, რომელიც ცხოველმყოფელი სულიწმინდის მიერ იღებს სიცოცხლეს. ადამიანი არის სამპიროვანი ღმერთის ხატად შექმნილი ერთადერთი ცოცხალი არსება, რომელსაც აქვს ერთდროულად მეტყველებაც, უკვდავი გონებაც, აზროვნებაც და სხეულთან შეუღლებული სულიც, რომელიც მას სიცოცხლეს ანიჭებს – სხეული ხომ სულის საშუალებით ცოცხლობს. ყოვლადწმინდა და ყოვლისშემძლე სამებამ, მდინარე იორდანეზე ჩვენი ბუნების განახლების დროს, საკუთარი თავი განაცხადა როგორც პირველსახე ჩვენს სულებში აღმეჭდილი მისივე ხატებისა. მას შემდეგ, ქრისტეში ნათელღებული ადამიანები წყალში სამჯერ შთაფვლით ინათლებიან; იოანე ნათლისმცემელი კი ერთი შთაფვლით ნათლავდა. ამასთან დაკავშირებით, მათე მახარებელი ამბობს: „ნათელ-იღო იესუ. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან“(მთ.3:16).

„და აჰა“, ანუ მდინარიდან ჯერ ამოსულიც არ იყო -„განეხუნეს მას ცანი“. მაშ, უფლის შესვლა წყალში და შთაფვლა მოასწავებდა მის ჩასვლას ჯოჯოხეთში, ხოლო იორდანედან ამოსვლა მისი მკვდრეთით აღდგომის წინასახე იყო. ამიტომ ბუნებრივია მისთვის, რომ წყლიდან ამომავალს დაუყოვნებლივ განეხუნეს ცანი. ის ჩვენი გამოხსნისათვის ჩავიდა ჯოჯოხეთში, ხოლო იქიდან ამოსულმა მარტო თავისთვის კი არა, ჩვენთვისაც გახსნა როგორც მიწიერი კარი, ისე ცათა სასუფეველი, სადაც სხეულით ამაღლებული „წინამობედად ჩვენთვის შევიდა“ (ებრ. 6:20). როგორც თავისი მაცხოვნებელი ვნებით განგვიცხადა ზიარების საიდუმლო და თავის ერთგულებს უანდერძა, რომ ეს არის გამოხსნის გზა (მთ. 26:26-29), ასევე, ჯოჯოხეთში ჩასვლით და ამოსვლით საიდუმლოებრივად მიგვანიშნა, რომ ქრისტეში ნათლისღებაც ხსნისა და გადარჩენის საშუალებაა. ვნების სიმძიმე თავად იტვირთა, კაცთაგან -კი მისი ტანჯვის თანაზიარებას მოელის (ჩვენი მხრიდან ტანჯვის ფიზიკური განცდის გარეშე);  და როგორც მოციქული ამბობს: ,, უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ’’(რომ.6:8). კაცობრიობის გადასარჩენად ადამიანური სული და ხორცი მიიღო, იტვირთა ტანჯვა, სიკვდილი, დაფლვა და თავისი აღდგომით სულის უკვდავება განაცხადა, ხოლო ჩვენ კი მის გასახსენებლად და სულის გადასარჩენად – უსისხლო მსხვერპლშეწირვა დაგვიტოვა; სულით ჯოჯოხეთის მოხილვით და იქიდან ამოსვლით, ყველას მოგვცა საშუალება, რომ მარადიული ნათლისა და უკვდავების თანაზიარნი გავხდეთ; სწორედ ამისთვის მოგვცა ნათლისღება, რომლის ნაყოფიც ხსნის მოპოვებაა; ეს ორი საღმრთო საიდუმლო ადამიანის განღმრთობისა და ჭეშმარიტი სიცოცხლის ჩანასახს შეიცავს, რომლისგანაც ჩვენი გამოხსნა აღმოცენდება; ამ ორ საიდუმლოშია თავმოყრილი ღმერთკაცობრივი განგებულების დიადი მიზანი.    

„განეხუნეს მას ცანი“-ო, ანუ სრული ზეცა – მთელი ზეციური სამყარო. რადგანაც თუკი რაიმე ზეციურსა და ჩვენზე განუზომლად აღმატებულს  არ იხილავდი,(როგორიცაა ქრისტეს წინაშე გახსნილი ზეცა) არ გეფიქრა, რომ ახლახანს მონათლულ ქრისტზე რაიმე უფრო ამაღლებული და აღმატებულიც არსებობს. არამედ რათა გულისხმაგეყო და შეგეცნო, რომ ის არის მეუფე ყოველივესი – უკიდეგანო ზეციური სამყაროსიც და ჩვენი სამყოფელისაც – ყოველივეს აღმავსებელი. ის ყოველივეს სწვდება, ყველაფერს მოიცავს. ამ გამოუთქმელსა და შეუცნობელში თავს იყრის და მას შეერთვის ყველაფერი. „ცანი განეხვნეს“, რათა განცხადებულიყო ის, როგორც ზეციურ სამყაროზე უწინარესი – მარადიულად მყოფი;

უკეთ რომ ვთქვათ: ყოველივე არსებულზე უწინარესად არსებული, მამასთან მარადიულად მყოფი ძე  და სიტყვა ღმერთი, თანაარსი მისი, რომელიც მარადიულად და დაუსაბამოდ მამასთან ერთადაა და არ ყოფილა დრო, როცა მამა ძის გარეშე ყოფილა. მას მიენიჭა სახელი: ,,უზეშთაეს ყოველთა სახელთასა’’(ფილ.2:9). მან ერთმანეთისაგან განყოფილ ზეციურ და მიწიერ ქმნილებებს(ანგელოზები და ადამიანები) განუცხადა საკუთარი თავი, როგორც მამისა და სულიწმიდის თანაარსი, როგორც სამყაროს შექმნამდე მათთან მარადიულად მყოფი.

მათე მახარებელი ამბობს: „განეხუნეს (ანუ გაეხსნა) ცანი“, ხოლო, მარკოზ მახარებელი:-„იხილა განხმულნი (ანუ გახსნილი) ცანი“. რატომ ამბობს ერთი მახარებელი „განეხუნეს“ მეორე კი – „განხმულნი“? – რათა ყურადღებით მსმენელებს ამ საიდუმლოების  სიღრმისეული არსი არ გამოჰპარვოდათ. როცა გვითხრა „განეხუნეს“, მიგვახვედრა, რომ ჩვენი ცოდვებისა და ურჩობის გამო იგი მანამდე დაკეტილი იყო. შეცოდების შემდეგ ღმერთმა ადამს უთხრა: „მიწაჲ ხარ და მიწად-ცა მიიქცე“(დაბ. 3:19) და მისთვის ზეცა დაიხშო.

შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ქრისტემ მამისადმი სრულყოფილი მორჩილება გამოავლინა და აგრეთვე, იოანესაც უთხრა: ,, ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე’’ და ნათელ-იღო – „ცანი განეხვნენ“. რადგანაც იოანე მახარებელი ამბობს: „რომელი მოავლინა ღმერთმან, სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს, რამეთუ არა ზომით მოსცა ღმერთმან სული. მამასა უყუარს ძე და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა.“ (ინ. 3:34-35), ჩვენთვის საცნაური ხდება, რომ ქრისტემ თავისი ადამიანური ბუნებითაც მიიღო სრული სავსება სულიწმიდის უსაზღვრო და უზომო ძალისა და მოქმედებისა. ,,ზეცის გახსნით’’ გამოჩნდა, რომ მთელი ამ ქმნილი სამყაროსთვის შეუძლებელია საღმრთო სულის სრული სისავსის დატევნა; ამიტომაც, როცა ღმერთისჰიპოსტასის ადამიანურ ბუნებაზე განცხადდა ეს საღმრთო მოქმედება, ვერ დაიტია რა ზეცამ ეს გამოუთქმელი სიდიადე, თითქოს გაირღვა – განიხვნა. ამიტომაც ვკითხულობთ იობის წიგნში: „ცაჲ არაწმიდაჲ არს მის წინაშე.“(იობ. 15:15), სიტყვა „ცაში“ მოიცვა იქ მკვიდრი ანგელოზნი, მთავარანგელოზნი, მრავათვალნი ქერუბიმნი და ექსვსფრთიანი სერაფიმნი, მთელი მიღმიერი სამყარო. მართალაც ასეა, არც ზეცა და არც ანგელოზები თავისი არსით წმინდა არ არიან ღმრთის წინაშე; ეს უმაღლესი ზეციური იერარქებიც კი, რომლებიც მოუკლებლად განიცდიან გაწმენდასა და გაბრწყინებას, დამცრობილნი არიან სრულყოფილი სიწმინდის წინაშე. მხოლოდ ქრისტეს ღმერთჰიპოსტასური და განღმრთობილი ადამიანური ბუნება ფლობს სრული სიუხვით უსრულყოფილეს სიწმინდეს და მხოლოდ ისაა დამტევნელი მთელი სისავსით საღმრთო სულის მოქმედების, ძალის, ბრწყინვალებისა და ნათელმოსილებისა. ამიტომ, ნათლობის ჟამს, არამხოლოდ განიხვნა ზეცა, არამედ ანგელოზებიც კი კრთოდნენ ქრისტეზე გარდამომავალი სულიწმიდის წინაშე.

ლუკა მახარებელი ამბობს: ,,და იყო ნათლის-ღებასა მას ყოვლისა ერისასა იესუცა ნათელ-იღო და ილოცვიდა; და განეხუნეს ცანი’’(ლკ. 3:21). უფალი ლოცულობდა წყალში ჩასვლამდეც, ნათლობის დროსაც და წყლიდან ამომავალიც. ამით კი, საქმით გვიჩვენა მაგალითი, რომ მხოლოდ საიდუმლოების აღმსრულებელი მღვდელი კი არ უნდა ლოცულობდეს, არამედ ისიც, ვისზეც ეს საიდუმლოება აღესრულდება; მღვდელი(საიდუმლოების აღმსრულებელი) სათნოებებში უფრო სრულყოფილიც რომ იყოს და უფრო გულმხურვალე ლოცვაც რომ ჰქონდეს, მაინც საჭიროა იმ ადამიანის ლოცვა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ საიდუმლოებაში. ხოლო, თუ მოსანათლი პიროვნება მღვდელმსახურზე უფრო ღირსეულია და უფრო გულმხურვალედ ლოცულობს, მაშინ ჩვენი კეთილისმყოფელი ღმერთი (ო, როგორი გამოუთქმელი სიკეთეა!) საიდუმლოების აღმსრულებელსაც მადლის თანაზიარად აქცევს. ჩვენი ნათქვამის დადასტურებაა იოანე ნათლისმცემლის მაგალითი, რომელმაც მოგვიანებით დაამოწმა: ,,სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ, და მადლი მადლისა წილ’’(ინ.1:16).

მხოლოდ ლოცვაში მყოფი ქრისტესთვის გაიხსნა ზეცა! რას ფიქრობთ, მანამდე რატომ არავისთვის მომხდარა მსგავსი რამ? – იოანე ნათლისმცემელი, ჯერ კიდევ მუცლადმყოფი, ჩასწვდა ღმერთკაცობრივ განგებულებას და ასევე ჯერ კიდევ დედის წიაღში მყოფი ძე ღმერთი იცნო და სიხარულით შეკრთა; ის იყო უდაბნოს გვრიტი, დედაკაცის ნაშობთა შორის ყველაზე დიდი და წინასწარმეტყველთა შორის ყველაზე აღმატებული, რომელიც სიმდაბლის გამო საკუთარ თავს ქრისტეს სანდლის თასმების გახსნის ღირსადაც არ თვლიდა; ვინც ღირსებით არავის ჩამოუვარდებოდა, რომლის მამასაც მის დაბადებამდე მეტყველება ჰქონდა დაკარგული გაბრიელ მთავარანგელოზის მიერ, მისთვისაც-კი არ გახსნილა ზეცა.

რათა მივხვდეთ ქრისტეს აღმატებულობას სხვა დანარჩებებზე, ნათქვამს ისიც დავამატოთ, რომ მისთვის გაიხსნა არამარტო ცანი, არამედ ზეციური მამის წიაღიც: ამაზე მიგვანიშნებს მტრედის სახით გადმოსული სულიწმინდა და ხმა, რომელმაც მისი ძეობა დაადასტურა (მთ. 3:17); „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა“ (ფს. 18:1).- თითქოს მთელმა სამყარომ გახსნა ბაგე, რომ არამარტო ზეციურ ანგელოზებს, არამედ – დედამიწის მკვიდრთაც გაეგოთ – ეს არის ძე ღმრთისა, რომელიც თავისი არსით, ძალით, პატივითა და მეუფებით თანაარსია მამისა და მისგან(მამისაგან) გამომავალი სულიწმინდისა. ხომ სამართლიანია, რომ მარტო ლოცვაში მყოფი ქრისტესთვის გაიხსნა ზეცა! იოანე მოციქულის „გამოცხადებაში“ ნახსენები დაბეჭდილი წიგნის გახსნა და წაკითხვაც არავის შეუძლია არც ზეცაში, არც მიწაზე და ქვესკნელში. „…გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი“(გამოც. 5:5). პატრიარქმა იაკობმა მიგვითითა, თუ ვინ არის იუდას ტომიდან გამოსული ეს ლომი: „ლომის ბოკვერია იუდა! წამომდგარხარ შვილო ნადავლით ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას? არ წაერთმევა კვერთხი იუდას, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა“(დაბ. 49.9:10). ქრისტემ შეხსნა ზეცა, განგვიცხადა საუკუნეთა მანძილზე დაფრული განგებულება და მამის წიაღში დაცული საღმრთო სიბრძნის ღრმა საიდუმლოთა საგანძური.   ხომ გასაგებია – წმინდა ნათლისღება ცათა სასუფევლის კარებია, ნათელღებულებს ამ კარით სასუფეველში შესვლის საშუალება ეძლევათ. რაც ქრისტესთვის მოხდა, ის ჩვენთვისაც ხდება. მისი წყალობით გახსნილი კარი ჩვენს შესვლას ელის. სხვებზე ადრე ეს დაადასტურა პირველმოწამე სტეფანემ. მუხლმოყრით მლოცველმა ცას ახედა, დააკვირდა და ის დაინახა, რაც ქრისტეს ნათლისღებამდე ჯერ არავის ეხილა: „ხოლო იგი სავსე იყო სულითა წმიდითა, ახედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა. და თქუა: აჰა-ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა, მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა.“ (საქმეები 7:55-66); მან დაინახა ზეციური სავანეები, ენით უთქმელ დიდებულებაში მყოფი უფალი, ვისი მიზეზითაც გახდა წმინდანი და ისეთი ნეტარება იხილა, რაც ქრისტემდე არავის უხილავს და განუცდია, ,,რომლისათჳს გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად’’ (1.პეტ. 1:12); სტეფანესთვის საყვარელმა ქრისტემ ისურვა, რომ ეს დიაკვანი პირველი მისულიყო მასთან და ჭეშმარიტების სახელით პირველწამებულს ანგელოზთა დასზე უფრო საპატიო მდგომარეობა მიეღო. აი, ასე! ქრისტეს მეოხებით ჩვენთვისაც გაიხსნა ზეცის კარი, მისი მეშვეობით ჩვენც ვიწმინდებით: თავად მას კი არც განწმენდა სჭირდებოდა და არც ზეცის გახსნა.


წყარო: http://bible.optina.ru/

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა გადმოწერილია საიტიდან: http://biblia-zhivopis.ru

Share