სიყვარული - როგორც აუცილებლობა, როგორც ვალდებულება, ადამიანად ყოფნისა და ცხოვრების გამართლება

Sputnik Georgia
Created by Sputnik Georgia (User Generated Content*)User Generated Content is not posted by anyone affiliated with, or on behalf of, Playbuzz.com.
On Feb 14, 2018
Help Translate This Item

დამიანს სჭირდება რაღაც ისეთი, რაც სიცოცხლის მასტიმულირებელ ძალებსა და ენერგიებს მისცემს, რაც შეუმსუბუქებს ყოფას, უფრო საინტერესოს გახდის ცხოვრებას, აზრსა და საზრისს შემატებს ბანალურ ყოველდღიურობას.

ასეთი პანაცეა სიყვარულია, მაგრამ... ვინმეს გჯერათ ნამდვილი და ამაღლებული სიყვარულისა?

ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ!

ჰოდა ამ „გატარებული“ ადამიანების სახელით გწერთ: უნდა დაიჯეროთ, ენდოთ და მოითხოვოთ სიყვარული, მოითხოვოთ და დაუკვეთოთ ერთმანეთს, როგორც აუცილებლობა, როგორც ვალდებულება, ადამიანად ყოფნისა და ცხოვრების გამართლება.

ყველას რომ სჭირდება და ცოდვითა და ვნებით დაღლილი კაცობრიობა სულს რომ ღაფავს, თვითგადარჩენისათვის გამოვიგონეთ სიყვარულის დღეები: ერთი — ვალენტინობა, მეორე — სიყვარულის დღე 15 აპრილი.

სიყვარული არის დიდი სურვილი, სწრაფვა რაღაცისაკენ, ვიღაცისაკენ. ოღონდ ის არაა მაიმპულსირებელი გარეგანი ძალა. სიყვარული დიდი ენერგიაა და შიგნიდან მოდის, ყველაზე უფრო ღრმა, ფარული და იდუმალი შრეების მომცველია და ერთბაშად შეუძლია დაანგრიოს და წალეკოს ირგვლივ ყოველივე.

youtube embed goes here!

„მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...“ - შანდორ პეტეფი. კითხულობს გურამ საღარაძე

დიდ სიყვარულს დიდი შინაგანი სულიერი ძალა განაპირობებს, ამიტომ გიხაროდეთ, თუ უყვარხართ „ძლიერ, ძლიერ, მთელი გრძნობით და ძალით“.

ადამიანებს ხშირად არასწორად გვესმის სიყვარულის არსი და გვიყვარს ეგოისტურად, არ გვეთმობა სხვისთვის, არ გვასვენებს ეჭვი და ვუმძიმებთ ცხოვრებას მას, ვინც ასე ძალიან გვიყვარს. ვერ ჩაითვლება ეს სრულყოფილ სიყვარულად, რადგან უფრო ეგოისტური გრძნობის გამოვლენაა და პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებულ სიყვარულთან საერთო არაფერი აქვს.

თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, სიყვარული — ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოციაა. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.

ბედნიერია, ვისაც უყვარს, მაგრამ ეს შესაძლოა მტანჯველი აღმოჩნდეს მაშინ, როცა სიყვარული ცალმხრივია. თუკი შეკითხვას ასე დავსვამთ: რომელი გირჩევნია, გიყვარდეს თუ უყვარდე, ჭკვიანი ადამიანი მაინც აირჩევს, რომ თავად უყვარდეს. რადგან ეს მისი სიმდიდრეა, სისავსეა და ამაზე უარის თქმა არ ეგების.

სერვანტესი ამბობდა:

  • „სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად“. 

youtube embed goes here!

„სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა“.

რამ ათქმევინა ვაჟა-ფშაველას ეს სიტყვები, რა ცეცხლი და გეენია მოედო ასეთი? თუმცა, ვის არ დაუკვნესია ამ ტკბილ-მწარე გრძნობის წინაშე, ვინ არ ჩაუთრევია თავის კალთებში და გაუტაცია ღრმა მორევისაკენ?!

როგორადაც უნდა განვითარდეს სამყარო და შეიცვალოს ცხოვრება, რა ტიპის ღირებულებები და ფასეულობებიც უნდა გახდეს საზოგადოების მამოძრავებელი, სიყვარული დარჩება შეუცვლელ და უკვდავ სახეობად, დამოუკიდებელ ესთეტიკურ და ეთიკურ არტეფაქტად. თანამედროვე რაციოცენტრიზმისა და პრაგმატიზმის პირობებში მაინცაა შესაძლებელი სიყვარულითა და რომანტიზმით ცხოვრება. სული უკვდავია და, შესაბამისად, იგი ითხოვს საზრდოს, საჭიროებს მშვენიერსა და ამაღლებულს. ამდენად, ახლა სიყვარულის დროა და იგი ისე გვჭირდება, როგორც - არასდროს.

გიყვარდეთ, რაც შეიძლება მეტად გიყვარდეთ, რადგან ჭეშმარიტი ძალა მხოლოდ სიყვარულშია!!!

These are 10 of the World CRAZIEST Ice Cream Flavors
Created by Tal Garner
On Nov 18, 2021